შინაარსზე გადასვლა

ნეოგენური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მეოთხეული პლეისტოცენი ჯელასიანი უფრო ახალგაზრდა
ნეოგენი პლიოცენი პიაჩენცური 2.58-3.600
ძანკლური 3.600-5.333
მიოცენი მესინური 5.333-7.246
ტორტონული 7.246-11.63
სერავალური 11.63-13.82
ლანგური 13.82-15.97
ბურდიგალური 15.97-20.44
აკვიტანიური 20.44-23.03
პალეოგენი ოლიგოცენი ქატური უფრო ძველი
ნეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

ნეოგენური სისტემა(პერიოდი), ნეოგენი (ნეო... და ...გენი) — კაინოზოური ჯგუფის რიგით მეორე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის კაინოზოური ერის მეორე პერიოდი). მოსდევს პალეოგენურ სისტემას(პერიოდს) და წინ უსწრებს მეოთხეულ (ანთროპოგენურ) სისტემას (პერიოდს). სახელი უწოდა ავსტრიელმა გეოლოგმა მ. ჰერნესმა (1853), რომელმაც გააერთიანა ჩ. ლაიელის მიერ გამოყოფილი (1833) მიოცენი და პლიოცენი. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით ნეოგენური სისტემა დაიწყო 25 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 23 მილიონზე მეტ წელიწადს.

ნეოგენური სისტემა (პერიოდი) იყოფა ორ სექციად (ეპოქად) თითოეული მათგანი — ცალკეულ სართულებად (საუკუნეებად).

ნეოგენური სისტემის ნალექები გვხვდება მთელ დედამიქაზე. ნეოგენური სისტემაში მოხდა მნიშვნელოვანი ტექტონიკური მოძრაობები (ორიგენიული ეტაპი), რის შედეგადაც წარმოიქმნა მრავალი მთათა სისტემა (ალპები, კარპატები, ბალკანები, დინარის მთები, აპენინები, კავკასიონი, ჰიმალაი და სხვა). ადრინდელი ნეოგენური ეპოქიდან დაიწყო კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემებისა და მათ შორის მდებარე საქართველოს ბელტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყალიბება. ნეოგენური სისტემის ნალექთწარმოქმნა კავკასიის ტერიტორიაზე განპირობებული იყო აქ განვითარებული ზღვიური აუზებისა და მთელი პარატეთისის მსოფლიო ოკეანესთან კავშირის ხასიათით. ოკეანესთან ფართო კავშირის დროს (უფლისციხურ, საყარაულოურ, თარხნულ საუკუნეებში) არსებობდნენ ნორმულზღვიური დიდტანიანი მოლუსკები და ფორამინიფერები, ხოლო როდესაც კავშირი შეწყვეტილი ან ძლიერ შესუსტებული იყო (კოწახურული, ჩოკრაკული, ყარაღანული, სარმატული, მეოტური საუკუნეები და პლიოცენური ეპოქა), ნალექებში მხოლოდ მტკნარი ან მომარილიანო ტიპის ფაუნა შეინიშნება. ზღვიური ნალექების გარდა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებულია კონტინენტურიც (ზედასარმატულ-ჰოლოცენური ასაკის), რომელღა სისქე ზოგჯერ 3000 მ აღწევს. ოროგენული ეტაპისთვის დამახასიათებელია მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, რომელთა შედეგად ნეოგენური სისტემაში წარმოიქმნება ბაზალტ-ანდეზიტ-დაციტ-ლიპარიტული ვულკანური ასოციაცია.

ნეოგენური პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზომიერად თბილი ჰავის პირობებში უმთავრესად იზრდებოდა ფარულთესლიანი მცენარეები, რომელთა უმეტესობა დღემდე შემორჩა.

ნეოგენური სისტემის ნალექებთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, აირი, რკინის მადნები, ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, მურა ნახშირი და სხვა.

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • Жижченко Б. П., Эберзин А. Г., Стратиграфия СССР, т. 12 — Неоген СССР, М., -Л., 1940;